საინიციატივო ჯგუფი ''დაიცავი ძველი ბათუმის'' წევრები თორნიკე რიჟვაძეს შეხვდებიან

26 თებერვალი 2019, 00:00 2739 ნახვა

დღეს, აჭარის მთავრობის სახლში, მოქალაქეები, რომლებიც ძველი ბათუმში ისტორიული სახლების ნგრევას, ქაოსურ სამშენებლო პოლიტიკას და სანაპირო პირველ ზოლში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობას აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდებიან. 

ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამოქალაქო მოძრაობა ბათუმში უკვე დაიწყო... მას თავისი ისტორია აქვს  ''ბრძოლებიც'', გამარჯვებებიცმონაპოვარიც. დემონტაჟს გადარჩენილი ''რვაფეხა'' ბათუმის და მთელი საქართველოს საგანძური – ''ბათუმის ბულვარი''... წინა წლებში ამ მოძრაობას თავისი გამოცდილებაც აქვს, დიდი წინააღმდეგობები... ჯგუფის და მისი ცალკეული წევრების დისკრედიტაციის უამრავი მცდელობა. ირონიულად წამოსროლილი ფრაზები. ''პეროიანი ბათუმლები''... ''დაჰყავი და იბატონეს'' პოლიტიკა, თუმცა მოძრაობამ ყველა გამოწვევას გაუძლო და ბათუმის მოსახლეობასთან ერთად დაიცვა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა.

ყოველივე ამის ფონზე. მთელს საზოგადოებას მინდა ჩვენი დიდი მადლიერება დაგიდასტუროთ ამ მოძრაობისადმი დიდი ნდობის და მხარდაჭერის საპასუხოდ. თქვენი საღი პოზიციის შედეგია. ჩვენი მოძრაობის ყოველდღიურად გამრავლება და გაძლიერება. 
ჩვენ მივიღეთ გამოწვევა აჭარის მეთაურისაგან დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან და მოვისმინოთ ერთმანეთის არგუმენტები.
ჩვენმა ჯგუფმა მიიღო ეს გამოწვევა და დღეს ვხვდებით მთავრობის თავმჯდომარეს, რადგან ეს არის ურთიერთობის ერთ-ერთი ცივილური ფორმა.... და იქნებ ქალაქისათვის სასიკეთო შეთანხმებებს მივაღწიოთ..." - წერს ზეინაბ დიასამიძე და აქვეყნებს იმ საკითხებს, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი დააყენებს შეხვედრაზე. 

1. შეწყდეს ისტორიული ბათუმის ნგრევა. 

2. შეჩერდეს აგრესიული საამშენებლო პოლიტიკა (ძველ ბათუმში) .

3. სასწრაფოდ გაკეთდეს ქალაქის ისტორიულ–საყრდენი გეგმა

4. გაუქმდეს ე. წ. ზონალური საბჭო.

5. შესაბამისი სააგენტოები დაკომპლექტდეს პროფესიული ეთიკის მქონე ადამიანებით. 

6. დაწესდეს ისტორიული დაცვის ზონაში რეგლამენტის ნორმები და დაკანონდეს, რომ ნებისმიერმა ხელისუფალმა, ადგილობრივმა მთავრობამ, ცალკეულმა პიროვნებებმა სათავისოდ არ მოირგონ კანონები.

ბათუმის ევროპული ნაწილის  დაცვის ზონის დამტკიცების მოთხოვნით, ბათუმელებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს. პარალელურად კი მერს ღია წერილიც გაუგზავნეს. ღია წერილის საპასუხოდ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ პოლიტიკას არ შეცვლიდა მცირე ჯგუფების შეტევის გამო. "ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით  - ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის"- თქვა თორნიკე რიჟვაძემ. მოგვიანებით კი მოძრაობის რამდენიმე წევრი ნეპოტიზმსა და კორუფციაში დადანაშაულა. 

ამ განცხადებებს საზოგადოების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარემ "უანგარო ბათუმელებს" პატივისცემა დაუდასტურა და მათთან შეხვედრა ჩანიშნა. 

/განახლებული.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი