სასტუმრო "ინტურისტ პალასში" მდებარე "ლიბერთი კაზინო"-ს თანამშრომლებს კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ აუღიათ. სამორინეს თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ კომპანია „მეტრომ“ 180-მდე დასაქმებულს სტანდარტულად 1000-1000 ლარი გადასცა, თუმცა ნაწილს აღნიშნულ თანხაზე მეტი ან ნაკლები ჰქონდათ ასაღები. კომპანია „მეტროში“ აცხადებენ , რომ დახურული სამორინე "ლიბერთი კაზინო" მათი მოიჯარე იყო და ფინანსური ვალდებულებები კომპანია "მეტროს" 180 თანამშრომელთან არ აქვს.
კომპანიაში განმარტავენ,რომ რადგან არსებული პრობლემა გადაუჭრელია, დამფუძნებლის და თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის კეთილი ნებით, საჩუქრად 1000 -1000 ლარი გადაეცათ. რაც შეეხება ხელფასს კომპანია მეტროს ინფორმაციით თანამშრომლებს დავალიანება შპს „ლიბერთი კაზინომ“ უნდა გადაუხადოს. თუმცა დღეს ჩვენ მათ ვერ დავუკავშირდით, არსებული ინფორმაციით კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არ იმყოფებიან. „ლიბერთი კაზინო“ იანვარში, ისე დაიხურა , რომ ინფორმაცია თანამშრომლებს წინასწარ არ მიაწოდეს.