აჭარის მაუწყებელმა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, დღეს ირაკლი ბარამიძე სამსახურში აღადგინა

01 თებერვალი 2019, 00:00 3973 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ბარამიძე სამსახურში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს აღადგინა.

ბარამიძემ მუშაობა იმავე თანამდებობაზე გააგრძელა, რა პოზიციაზეც სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ბარამიძის სამსახურში აღდგენის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საქმეზე იმსჯელებს.  

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19 სექტემბერს ბარამიძის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და ნაცდური ხელფასის გადახდის ნაწილში დააკმაყოფილა.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე არ დაეთანხმა მოსარჩელეს საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში.   

ბარამიძე სამსახურიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ 2017 წლის 23 მარტს გაათავისუფლა.

ადმინისტრაციის მტკიცებით ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა შენობიდან შეუთანხმებლად, კერძო საქმიანობისთვის გავიდა. ბარამიძის კი აცხaდებდა, რომ თანამშრომელს კამერა შენობიდან არტის გადასაღებად გაატანა. 

პირველი ინსტანციის მოსამართლემ გადაწყვეტილება სიტყვიერად გამოაცხადა და თქვა, რომ ბარამიძის მხრიდან ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტი დაინახა, მაგრამ დისციპლინარული სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმის, სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი ნინო უტიაშვილი აცხადებს, რომ ბარამიძე თანამდებობაზე დროებით არის აღდგენილი, ვიდრე სასამართლო დავა არ დასრულდება.

მხარეები სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან, პროცესი 6 თებერვალს არის ჩანიშნული.

 

ფოტო:არქივი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი