დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს.სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს.
შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება თითოეულ დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს 2 თვე აქვთ.
რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. აქვე გეტყვით, რომ იანვარში ასაკით პენსიონერი მოქალაქეები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.