გორგილაძის ქუჩაზე 9 სართულიან კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა

27 დეკემბერი 2018, 00:00 5626 ნახვა

ბათუმში, გუშინ, 26 დეკემბერს ლიფტის ჩავარდნის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად ლიფტი ძველ აშენებულ კორპუსში, გორგილაძის 86 ნომერში დაზიანდა. 

მოსახლეობის თქმით, ბაგირი გაწყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ლიფტში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. 

კორპუსში მცხოვრებლებმა ძველი ლიფტი, რამდენიმე თვის წინ შეცვალეს და ახალი დაამონტაჟეს. მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ ხარვეზი აღმოიფხვრა და კომპანიის წარმომადგენლებმა ლიფტი შეაკეთეს. 

ბათუმში ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს. ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტრაქტორი  კომპანია, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.  

ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. 

გუშინ ლიფტი სელიმ ხიმშიაშვილი #20/ა ნომერშიც ჩამოვარდა.  კადრები სოციალურ ქსელში კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა დადო.

 

ფოტო: არქივი

ამავე კატეგორიაში