''პოლარიზებულ მედიაგარემოში აჭარის მაუწყებელი დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო

10 დეკემბერი 2018, 00:00 4998 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მედიამონიტორინგის შედეგებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლარიზებულ მედიაგარემოში შედარებით დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო - წერია გაეროს განვითარების პროგრამის  „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის“ შედეგებში. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

"ქართული მედია სივრცე ფაქტობრივად ორპოლუსიანი გახდა, სადაც „რუსთავი 2“ ერთ მხარეს, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. „რუსთავი 2-ზე“ ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნება ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ. გაიზარდა ეთიკური სტანდარტების დარღვევით, მანიპულაციების გამოყენებით მომზადებული გადაცემების რაოდენობა.

ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა „ტვ პირველი“ და აჭარის ტელევიზია. „ტვ პირველი“ ახერხებდა ეთერში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და მოსაზრებების მქონე პირთა მიყვანას. აჭარის ტელევიზიის ეთერს კი მეორე ტურში გასული კანდიდატების მხარდამჭერი პარტიების ბათუმის წარმომადგენლები სტუმრობდნენ" - წერია ანგარიშში.

მედიის ყველა პლატფორმის მონიტორინგი 29 ოქტომბერს დაწყო და 27 ნოემბერს დასრულდა. ანგარიშში სხვადასხვა მედიასაშუალებებით საარჩევნო საკითხების გაშუქების კუთხით გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები აისახა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორები კი, 8 სატელევიზიო არხზე საუკეთესო დროს (პრაიმ ტაიმს) აკვირდებოდნენ. უფრო კონკრეტულად კი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუ იყო. 

ამ ნაწილშც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის "მთავარი 9"-ზე კვლევაში კვალიფიციურად შეფასდა. 

''აჭარის ტელევიზიის ეთერში გამორჩეული იყო თეონა ბაკურიძის მიერ წაყვანილი დისკუსია, აჩვენებდა მომზადების მაღალ დონეს, კითხვებს აფუძნებდა ფაქტებს და ცდილობდა რესპონდენტისგან კონკრეტული პასუხის მიღებას''. 

დადებით შეფასება ქონდა "ტვ პირველის"წამყვანების მომზადების დონესა და დისკუსიის მართვის შეფასებას. 

რაც შეეხება ზოგადად მედიასივრცეში წამყვანთა მომზადების დონეს, მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ. ხშირ შემთვევაში, წამყვანები დისკუსიას ზედაპირულად წარმართავდნენ და რესპონდენტებს საკუთარი აზრის გამოსათქმელად ტრიბუნას დიდ დროით აძლევდნენ. 

''ყველა არხზე გადაცემების თემა უმეტესად იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასება და მეორე ტურისთვის სამზადისი. წამყვანები ან ვრცელი კომენტარების გაკეთების საშუალებას აძლევდნენ რესპონდენტებს, ანდა ზედაპირულ დისკუსიას წარმართავდნენ.  ამით ხელს უწყობდნენ მოწვეულ სტუმრებს ესაუბრათ ბევრ თემაზე და სტუდიაში დისკუსიის მართვა შეუძლებელი გამხდარიყო. არ სვამდნენ კითხვებს, რომლებსაც ფაქტობრივ გარემოებებზე დააფუძნებდნენ. არ მოჰყავდათ ციტატები, ან არ ახდენდნენ ციტირებას კონკრეტული ანგარიშებიდან. წამყვანები ცდილობდნენ დისკუსია აეწყოთ უმეტესად დაპირისპირებული მხარეების ბრალდებებზე, შეფასებებზე; სტუმრებისთვის ეპასუხებინათ ამ ბრალდებებზე ანდა უბრალოდ ტრიბუნა მიეცათ რესპონდენტებისთვის საკუთარი აზრის ვრცლად გამოსათქმელად'' - წერია კვლევის შედეგებში. 

რაც შეეხება დისკუსიებს, ანგარიშში წერია, რომ ერთმანეთის პირისპირ ''ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაზე ხშირად აჭარის ტელევიზიის ეთერში ისხდნენ.

მონიტორები ამბობენ, რომ წამყვანმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოახერხა დებატების მართვა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაუწყებელს ცალკე ტოქ-შოუ არ გაუშვია. სტუმრების ნაწილი ინტეგრირებული იყო საინფორმაციო გამოშვებაში.

რაც შეეხება რადიო „აჭარას“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით მას ჰქონდა აბსოლუტურად დაბალანსებული საინფორმაციო ეთერი. 28 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მათ დადებითად წარმოაჩენდა, უფრო აქტიურად შუქდებოდა.

 

კვლევა იხილეთ სრულად აქ

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი