თორნიკე რიჟვაძის კრიტიკის ობიექტი ბათუმის ქაოსურად განაშენიანების მოწინააღმდეგეები ხდებიან

07 დეკემბერი 2018, 00:00 3606 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორი დღის წინ მშენებლებს უთხრა, რომ მათი პროექტები არ უნდა გაჩერდეს ქალაქში განაშენიანების გენერალური გეგმის მიღებამდე და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამას თვითმმართველობამ. რიჟვაძემ იქვე თქვა, რომ არავის აპატიებდა ბიზნესის ჯიბეში ხელის ფათურს და ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვებოდა პასუხი გულგრილობისთვის, თუნდაც გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის

მუნიციპალიტეტის კრიტიკას ახლა სხვა ჯგუფებიც დაემატა. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ თქვა, რომ მშენებლობების დისკრედიტაციას მცირე ჯგუფი ცდილობს და აკომპლექსებს ქალაქში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რაც რიჟვაძის შეფასებით "უსუსური მცდელობაა".

''არავის არ უნდა მიეცეს უფლება რომ ამ პროცესებში ჩაერიოს და გარკვეული დესტრუქციები გამოიწვიოს'' - თქვა მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც ფეისბუქ ლაივით გადაიცემოდა.

''ბოლო პერიოდში მიმდინარე საკმაოდ უსუსურ და უბადრუკ მცდელობას რომლითაც ცდილობენ გარკვეული კომპლექსი შეუქმნან ჩვენს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს. მე გუშინ გაფრთხილება მივეცი ყველა ჩინოვნიკს, მაგრამ ეს გაფრთხილება გულისხმობს ამავდროულად მაქსიმალურ მხარდაჭერას ყველაზე დაბალი რგოლის სპეციალისტის მიმართაც. თუ საქმე კეთდება პატიოსნად რა თქმა უნდა ყველას აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. რომ დავუბრუნდე ამ "უსუსურ მცდელობას". ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქში არსებული ქალაქმშენებლობის პროცესების მიმართ. არავის არ უხსენებია, რომ ბოლო ხუთ თვეში, ჯერ ერთი, რომ ჩვენ თუნდაც იგივე ზონალური საბჭოს ფორმატში დავამატეთ ურბანისტი და დავამატეთ ხელოვნებათმცოდნე და ამაზე, სამწუხაროდ, ეს ხალხი არ საუბრობს. ყველა გადაწყვეტილება გადის რამდენიმე შრეს. ეს გახლავთ თვითმმართველობის საკითხი'' -  თქვა რიჟვაძემ

მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს და გუნდში ერთიანობაა. ​

ბიზნესმენებს კი, კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნა და გაიმეორა, რომ ოპერატიულობა რომელიც ბიზნესს სჭირდება უზრუნველყოფილი იქნება. ''შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, ჟურნალისტი მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდა, ზუსტად ამ თვითმმართველობის საკითხზე მესაუბრა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩარევას და დაპირისპირებას არ აქვს ადგილი. პირიქით ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობით და რა თქმა უნდა ყველა დონეზე სოფლის წარმომადგენლების დონეზე ჩავალთ და ვნახავთ რა გადაწყვეტილებები მიიღება და რამდენად სწრაფად. ოპერატიულობა რომელიც ბიზნესს სჭირდება იქნება უზრუნველყოფილი''.

ამავე კატეგორიაში