''შეუძლებელია ვისაუბროთ ხარისხიან განათლებაზე და დასაქმებაზე, თუ გარემო არ არის მისაწვდომი“ – სახალხო დამცველი

03 დეკემბერი 2018, 00:00 1774 ნახვა

სახალხო დამცველმა შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობის შესახებ, დღეს კვლევის შედეგები წარადგინა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ხარისხიან განათლებაზე, დასაქმებაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე საუბარი შეუძლებელია, თუ გარემო ხელმისაწვდომი არ იქნება. 

ომბუდსმენის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა გაეროს კონვენციის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ქვეყანას კი ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა და დოკუმენტი არ გააჩნია. ლომჯარია განმარტავს, რომ რეგულაციები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ფრაგმენტულად არის მოცემული და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო, დაუბრკოლებელი და მისაწვდომი გარემოს შექმნას ნებისმიერ შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2014 წელს მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი“ ეყრდნობა მოძველებულ სტანდარტებს.  

''თანამედროვე ამერიკული სტანდარტი - „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. დაბალია მის შესახებ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების რელევანტურ უწყებათა და მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე, ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა აღიარებულ ამერიკულ სტანდარტს ერთადერთ სავალდებულოდ გამოსაყენებელ რეგულაციად არ განიხილავს'' - წერია ომბუდსმენის ანგარიშში. 

ნინო ლომჯარია მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტები უმეტესად დანერგილი არ არის. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება კი სფეროს ექსპერტების, შშმ პირების და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რეალური ჩართულობის გარეშე ხდება.

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში წარადგინა.

ბათუმში შენობების დიდი ნაწილი ადაპტირებული არ არის. სრულფასოვანი მომსახურების მიღებას კი შშმ პირები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი