იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ქალაქ პორტლუისში მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.
2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს კი ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
''ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულ ჭიდაობაში 200-მდე ილეთი და კონტრილეთია.
იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა და ქართული ჭიდაობა.