5 დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გახმოვანდა.
მესამე სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. როგორც მათ წყარომ უთხრა, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. ბრალდებები, სერვისების განვითარების სააგენტოში, მოგვიანებით უარყვეს, სოსო გიორგაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ბრალდებას "გაუგონარი“ და „აბსურდული“ უწოდა.