პრემიერი ინიციატივის შემდეგ, ბათუმში იპოთეკარები გრძელვადიან სესხებს ითხოვენ

20 ნოემბერი 2018, 00:00 2376 ნახვა

ბანკებისა და კერძო იპოთეკური დავალიანების მქონე მოქალაქეები დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს სთხოვენ. 

იპოთეკით დაზარალებულების თქმით, მამუკა ბახტაძის განცხადება იყო აღიარება, რომ მოსახლეობას სესხების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. 

გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ბევრი მოქალაქე კერძო მევახშეების უსამართლო დამოკიდებულების გამო დაზარალდა. ამ საკითხზე კი მუშაობა დაწყებულია. 

''ადამიანები დაზარალებულთა კატეგორიაში არიან, კერძო მევახშეების უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მათ ე.წ. კერძო მევახშეებთან მოუწიათ ბინების ჩადება და შემდეგ ამ თანხების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათ შორის – ჯანმრთელობის მიზნებისთვის. ეს არის სწორედ ის მეორე კატეგორია, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეული და მძიმე პრობლემაა. ამ მოქალაქეებისთვის ცალკე რეესტრი არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სტატისტიკა, თუ როგორ ხდებოდა წლიდან-წლამდე ამ პრობლემის დაგროვება“, – თქვა მამუკა ბახტაძემ.  

აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, რომ დახმარება სჭირდებათ ოჯახებს, რომლებიც საბანკო დავალიანების გამო უსახლკაროდ დარჩნენ, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. 

იპოთეკარები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

იპოთეკით დაზარალებულები დაბალპროცენტიან სესხებს რამდენიმე წელია ითხოვენ. ამბობენ, რომ კერძო მევახშეების გამო, ბევრი მათგანი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი