კომპანია „ვივუსი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არასრულფასოვან კომუნიკაციაზე საუბრობს და მზაობას გამოთქვამს, ჩაერთოს ვადაგადაცილებული სესხების განულების პროცესში.
''დაახლოებით ორი კვირის წინ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი საპირისპირო განაცხადა და თქვა, რომ კომპანია ''ვივუსის'' ბაზაში არსებულ შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ, რადგან "გაუგებარი მიზეზით კომპანიამ უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე".