რა საქმეზე წარუდგინეს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი? - პროკურატურა განმარტებებს დღეს გააკეთებს

06 ნოემბერი 2018, 00:00 2110 ნახვა

ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სამართალდამცველებმა ბრალი გუშინ, 5 ნოემბერს წარუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველმა არხმა გაავრცელა, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ყოფილი მთავარი პროკურორის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით. 

საქმეზე განმარტებებს პროკურატურა დღეს გააკეთებს. 

ბრალის წარდგენამდე კი ფარცხალაძე  ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში “საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში” იმყოფებოდა

ტელეკომპანია რუსთავი2-მა კი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გამოდის ფარცხალაძე პოლიციის შენობიდან და ტერიტორიას კომენტარის გარეშე ტოვებს. 

ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი რამდენიმე საქმეში ფიგურირებს, მათ შორის  "ომეგა ჯგუფის" საქმზე  ყოფილი სპორტის მინისტრისლევან ყიფიანის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ეხება. 

ასევე, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ პროკურატურა გასული წლიდან იძიებს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ცემის ფაქტსაც. ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. 

თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას. ყოფილი აუდიტი ირწმუნება, რომ იმ პერიოდში აუდიტის სამსახური ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს სწავლობდა და ამას მოჰყვა ფარცხალაძის რეაქცია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ფარცხალაძეზე ბრალის წარდგენას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ლაშა თორდია. აუდიტის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ის ცემის საქმეში დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი. 

"მოვლენების სავარაუდო განვითარება - ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით, მოტივი - მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება. მცირე ხნით ციხეში ჩასმა, "არჩევნები გადავაგოროთ" შეთანხმებით," - წერს ლაშა თორდია სოციალურ ქსელში. 

„ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით თორდიას ადვოკატები განცხადებას დღეს გააკეთებენ.

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც. არჩევნებამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარია  რატომ უნდა დაესაჯა ფარცხალაძე

 

ფოტო: 1tv.ge 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი