ვინ გადაუხდის დახურული შახტების მუშებს ხელფასს?

02 ნოემბერი 2018, 00:00 1764 ნახვა

ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი მერიის შენობასთან არიან შეკრებილები და იმის გარკვევას ცდილობენ ვინ გადაუხდის ხელფასს. 15 მუშა კი პროტესტის ნიშნად შახტიდან ამ დრომდე არ ამოდის. 

დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა დასაქმებულებს უთხრეს, რომ ფასიანი შვებულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი აღარ აქვთ და თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვეს. 

აღნიშნული ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე მიაწოდა. თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ დრომდე მუშები შახტში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ნახშირის მოპოვება კი არ მიმდინარეობდა. 

''მთავარია ვიღაცამ თქვას ხელფასს გადაუხდიან თუ არა მუშებს? ან ვინ გადაიხდის ამ თანხას. სამი თვის განმავლობაში ხელფასს კომპანია ურიცხავდა. მეშახტეებმა დღეს გაიგეს, რომ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებდნენ. უფასო შვებულებაში გაუშვეს. ამას აპროტესტებენ სწორედ'' - ამბობს დოლაბერიძე.

ტყიბულში მინდელის შახტი 16 ივლისს დაიხურა. გადაწყვეტილება საქართველოს მთვრობამ მიიღო და გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე მუშაობა შეაჩერა. პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ დასაქმებულები ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურდებას მიიღებდნენ.

16 ივლისს მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს კი ტრაგიკულ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელის 7 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი