ღია კაფეებითა და ავტომობილებით ჩახერგილი უსინათლოთა ბილიკები

25 ოქტომბერი 2018, 00:00 2751 ნახვა

ბათუმი, ლუკა ასათიანი N47 - 10 საათი და 15 წუთი. უსინათლოთა ბილიკზე ღია კაფის რკინის კონსტრუქციაა განთავსებული, რომელიც გზას ნაწილობრივ ხერგავს.

ობიექტის მეპატრონეებს ტროტუარებზე მაგიდებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების განთავსებისთვის ნებართვას ბათუმის მერია აძლევს. შესაბამის სამსახურებს ევალება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გადასამოწმებლად მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახურს დილით დაუკავშირდა.

რამდენიმე საათში გვითხრეს, რომ რესტორნის მეპატრონეს ტროტუარზე მაგიდები და სკამები საზღვრების დარღვეული ჰქონდა განთავსებული, რის გამოც გააფრთხილეს. ''ღია კაფეს მეტი ფართობი ჰქონდა დაკავებული, ვიდრე ნებართვა იყო გაცემული, ხარვეზი გამოსწორებულია'' - უთხრა მაუწყებელს ინგა ჯაშმა.  

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ობიექტის მეპატრონეს პირველ ეტაპზე აფრთხილებენ, შემდეგ ფიზიკურ პირს 500 ხოლო იურიდიული პირს 1000  ლარით აჯარიმებენ. 

ტროტუარებზე ხშირად ნახავთ გაჩერებულ ავტომობილებს. ისინი უსინათლოთა ბილიკთან ერთად მთელ სავალ ნაწილსაც კეტავენ. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ტროტუარებზე წარმოქმნილი ბარიერები, დაზიანებული ფილები და გარეგანათების ბოძები საფრთხეს უქმნის.​

ქუჩაში გადაადგილებისას თუ კარგად დააკვირდებით, ზოგან განსხვავებული - მოყვითალო ფერის ფილაქნებია  დაგებული. ეს ფილები უსინათლო და მცირედმხედველთა ბილიკია.  

ფოტო: ირინა წუწუნავა

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი