აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხულოს არჩეული მერი გოჩა მელაძე და მისი მოადგილე თანამდებობას ტოვებენ. ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ ხულოს მერიაში. იურიდიულ სამსახურში კი გვეუბნებიან, რომ გოჩა მელაძე, 31 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებაში იმყოფება.
ხულოს მერს ტელეფონი დილიდან გამორთული აქვს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც ხულოს მერის მოადგილე.
ინფორმაციას გოჩა მელაძის თანამდებობის დატოვების შესახებ არ ადასტურბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
თუმცა ამბობს, რომ ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ჰქონდა შენიშვნები და რეკომენდაციები, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტის მერებთანაც. რიჟვაძის განცხადებით, მას მოკლე დრო ჰქონდა მერების მუშაობის სრულფასოვნად შეფასებისთვის.
თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას პიროვნულად თანამდებობის პირებთან ან მერთან არ აქვთ დაპირისპირება.
კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხულოს მერი გადადგება, მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება, ვადებს კი ცესკო განსაზღვრავს.