"გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალები - პლაკატები და ბანერი დაზიანებულია. დაზიანებული პლაკატების ფოტომასალას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაავრცელეს. მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პლაკატებზე, წითელი საღებავით აწერია КГБ და 5 ქიმიანი ვარსკვლავები (საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სიმბოლო). საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დაზიანებულია ქედაში, შუახევში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში. ასევე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც.
"წუხელ, გვიან ღამით საქართველოს მასშტაბით "გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისებზე, შტაბებზე მოხდა თავდასხმა, დაზიანებულია ყველა რეგიონში პლაკატები და ბანერები. ეს არის პირდაპირი შეტევა გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან. პირდაპირი პასუხისმგებლობა ენიჭება ამაზე ხელისუფლებას, ისინი იყენებენ ამ მეთოდებს და ახალისებენ ვანდალურ ქმედებებს. აჭარაში პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა ბათუმში. თუ ისინი არ მონაწილეობენ ამ ვანდალიზმში, გამოვიდნენ დაგმონ. ასევე დაიწყოს გამოძიება" - განაცხადა მირდატ ქამადაძემ