სახალხო დამცველი ამბობს, რომ ფარული აუდიომასალის გავრცელების საქმეში პატიმრის უფლებები დაირღვა, რადგან ჩაწერილია კონფიდენციალური საუბარი.
ომბუდსმენის აპარატი მზადყოფნას გამოთქვამს მირზა სუბელიანის უფლებები დაიცვას. საჭიროების შემთხვევაში კი პატიმარმა სახალხო დამცველს გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
ნინო ლომჯარიას თქმით, მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, რაზეც გამოძიების დაწყება აუცილებელია.
''ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ პროკურატურაში არის არაფორმალური გავლენები. ასევე პატიმარი ახსენებს კონკრეტული პირების ჩართულობას, კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებში. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, როგორც ჩანს, თავადაც არის მონაწილე. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმატში, რადგან ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება'' - განაცხადა სახალხო დამცველმა.
''რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.