მიკროავტობუსების ახალი სამარშრუტო ხაზები ერთ კვირაში დაზუსტდება

08 ოქტომბერი 2018, 00:00 2286 ნახვა

პირველი სექტემბრიდან ქალაქში ახალი სამარშრუტო ხაზები ამოქმედდა, 400-ის ნაცვლად, ბათუმის ქუჩებში ყოველდღიურად მხოლოდ 250 მიკროავტობუსი დადის. მერია მიკროავტობუსების გადაადგილების სქემას ამ დრომდე აკვირდება, პროცესი სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. 

საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება უფროსის განცხადებით, შესაძლოა რამდენიმე ხაზზე ცვლილებაც განხორციელდეს. 

მაგალითად, 29 ნომერი სამარშრუტო ტაქსი, რომელიც თამარის დასახლებიდან პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩების გავლით მოძრაობდა, ამ ეტაპზე ტესტურ რეჟიმში გორგასლის ქუჩით დადის. ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ ცვლილება ჯერ დამტკიცებული არ არის, მძღოლები საცდელ რეჟიმში მოძრაობენ, ახალ სქემას კი სპეციალისტები ამონიტორინგებენ

გადაადგილების შეცვლილი სქემა, მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ბევრჯერ გახდა. მგზავრები, რომლებიც გარეუბნიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხვდებოდნენ, ახლა სხვა სამარშრუტო ​ტაქსზე გადაჯდომა უწევთ. ეს კი, როგორც მოქალაქეები ამბობენ, გაორმაგებული ხარჯია. 

სწორედ ამის შემდეგ ბათუმის მერიამ გადაწყვეტილება  მიიღო, საკითხის შესწავლა დაეწყოთ და ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში ცვლილებები განეხორციელებინათ. 

რაც შეეხება მიროავტობუსებისთვის სპეციალური გაჩერებების მოწყობასა და ტრანსპორტში ჯიპიეს სისტემის დამონტაჟების საკითხს, ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება - ამბობს საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება უფროსი. ამის შემდეგ მოქალაქე სამარშრუტო ტაქსს ქალაქის ნებისმიერ  მონაკვეთში ვერ გააჩერებს. მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად მათაც კონკრეტული ლოკაციები ექნებათ. არ არის გამორიცხული ეს ავტობუსების გაჩერება იყო. 

ემზარ ქავჟარაძის თქმით, შესაძლოა გაჩერებები გაფართოვდეს, რადგან ავტობუსსა და მიკროავტობუსს ერთდროულად გაჩერების ადგილი და საშუალება ჰქონდეთ. ქუჩებზე,  სადაც მსგავსი ტიპის მონიშვნები არ არის, მოსაცდელების გაკეთებაა დაგეგმილი. 

ამავე კატეგორიაში