დაკავებული გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გამართული აქცია, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მამალაძის ოჯახი მეუფე დიმიტრისგან დუმილის დარღვევას ითხოვს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მეუფემ იცის, რომ დაკავებული დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა ამაზე არ საუბრობს.
მათი თქმით მეუფის და ეპარქიის მხრიდან რეაგირება, პოზიციის დაფიქსირება, ან საქმით დაინტერესება არ მომხდარა.
"ეპარქია მხოლოდ პიარისთვის დგამს გარკვეულ ნაბიჯებს" - ამბობენ ოჯახის წევრები, თუმცა არ აკონკრეტებენ რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს მეუფე დიმიტრი.
აქციაზე კამათი და გაღიზიანება ეპარქიის პრესსპიკერის მისვლამ გამოიწვია. იოანე გორელიშვილმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეუფე საქართველოში არ იმყოფება. პრესსპიკერის განცხადებით მეუფე დიმიტრი უკვე შეხვდა პრეზიდენტის მრჩეველს და შეწყალებაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა კომისიამ შეწყალებაზე უარი თქვა. დეკანოზის ოჯახი აქციების გაგრძელებას აანონსებს.
სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი