ცდები, აღმოჩენები და თანამედროვე მიღწევები - ბათუმი სამეცნიერო პიკნიკს მასპინძლობს 

28 სექტემბერი 2018, 00:00 7043 ნახვა

ბათუმი სამეცნიერო პიკნიკს მასპინძლობს. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ საგამოფენო კუთხეებია მოწყობილი.

დღეს ყველაზე მეტი ბავშვი მივიდა დახლთან, სადაც ქიმიური ცდები ტარდებოდა - მაგალითად დამთვალიერებელს შეეძლო ენახა - ვულკანი ჯამში, ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი, საიდუმლო მელანი, ''ჯინი“ ფაიფურის ჭიქაში. 

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს გასცნობოდნენ.

ანა დოლიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდისთვის, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო სპეციალობების დაინტერესების მხრივ.

სამეცნიერო პიკნიკზე ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღებაც იყო შესაძლებელი, მინის ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან. 

კრიმინალისტიკის ლაბორატორიისთვის ეზოში სპეციალური კუთხე იყო მოწყობილი. 

სამეცნიერო პიკნიკზე  ადამიანის ორგანოებს დასაშლელი მულაჟის დახმარებით დაათვალიერებდით.

მცენარის აგებულება, ნიადაგის მჟავიანობის და ტენიანობის განსაზღვრა, მცენარეული უჯრედის დემონსტრირება.

აქ კი აკვაპუნური მეთოდით სალათის ფურცლების გამოჰყავთ. ამ ხერხით იგი 21 დღეში საკვებად მზად არის. 

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად არქეოლოგიის კუთხე მოეწყო. ექსპონატებით - „საბავშვო არქეოლოგია“.

''სამეცნიერო პიკნიკის მიზანია უმაღლესმა სასწავლებელმა ფართო საზოგადოებას გააცნოს ის კვლევები, ნოვაციები და ტექნოლოგიები, რომლებიც უნივერსიტეტში ინერგება”- ამბობს რექტორი მერაბ ხალვაში.

''დიდი დეფიციტი გვაქვს საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. ვფიქრობთ, რომ ამ ტექნოლოგიების ნახვა ხელს შეუწყობს დარგების პოპულარიზაციას. შესაძლებელია მოსწავლეებიდან რაღაც ნაწილი დაინტერესდეს, რაც შემდგომში სკოლებში სპეციალისტების შედინებას შეუწყობს ხელს''  განაცხადა განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა

სამეცნიერო პიკნიკი მეორე წელია იმართება და მასში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტი და საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

მიზანი მკვლევართა მოტივაციის ზრდა, სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებაა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში