ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა

14 სექტემბერი 2018, 00:00 1959 ნახვა

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილებად გამოცხადდნენ.

ისინი, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულნი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  იმ შემთხვევაში თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირება მოხდება, საქართველოს მხარის მიერ გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.

​გურწიევისა და ტაბოევის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი