საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელობას შეხვდებიან. შეხვედრას 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მთავარი საკითხი 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი იქნება, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს, დასაქმებულებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შეუქმნან და ამავდროულად, ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების პირობების პერიოდულ ინსპექტირებას შრომის ინსპექციის მიერ.
შეხვედრაზე ასევე განიხილება შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნები და კომპანიების ინსპექტირების პროცესები. ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინსპექციას სამოქმედო მანდატი გაეზარდა ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის მსგავსი მასშტაბის შეხვედრა პირველად იმართება.