აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ გამართავენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. პროცესში მონაწილეობას რეგიონში მოქმედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთავაზობენ. უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე უალტერნატივოდ დარჩება თუ მას ოპოზიცია დაუპირისპირებს საერთო კონსულტაციებით შერჩეულ კანდიდატს დღეს გახდება ცნობილი.
სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, მათ შორის : არმაზ ახვლედიანი, გოჩა გუგუნავა, მალხაზ ნაკაშიძე და ჯემალ ინაიშვილი. არმაზ ახვლედიანმა გადაცემა “მთავარი აჭარაში” დაადასტურა, რომ შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან უკვე მიიღო დ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მისივე განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს კარგად იცნობს და ამბობს, რომ იგი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და თავისუფალია.