ბათუმის ბულვარსა და შპს „დრიმლენდ ოაზისს“ შორის სასამართლო დავა გრძელდება. ამ წუთებში სასამართლო პროცესზე მოწმეებს უსმენენ. მათ შორის არის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი.
დაკითხვამდე მხარეებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მტკიცებულება წარმოედგინა მოპასუხეს, რითაც დადასტურდებოდა, რომ კონცეფციასთან დაკავშირებული შენიშვნები შემსრულებელ კომპანიას გაეგზავნა. ბულვარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კორექტირება არ მოუთხოვიათ, თუმცა კომპანიას მიეწოდა ინფორმაცია კონცეფციაში კორექტირების შეტანის აუცილებლობაზე.
მოსარჩელე მხარე აცხადებს რომ მათ შენიშვნების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ბულვარის ადმინისტრაციის ინტერესების დამცველები კონცეფციაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოების პროტესტს ასახელებს. საქმე ეხება 2015 წელს შემუშავებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ბათუმის ძველ ბულვარში მესამე ალეა და რეკრეაციული ზოლი, მის ნაცვლად კი კომერციული ზოლის მოწყობა იგეგმებოდა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წინააღმდეგ შპს „დრიმლენდ ოაზისს„ აქვს სასამართლოში სარჩელი შეტანილი.
მოსარჩელე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან შემუშავებული კონცეფციის საფასურის 96 ათასი ლარის, ასევე საბანკო გარანტიის 71 ათას 200 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბულვარის განვითარების კონცეფცია ექსპერტიზის მიერ დამოწმებული და დასრულებულია, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციამ ის არ ჩაიბარა.