დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე 91 ხმით აირჩიეს

06 ივნისი 2018, 00:00 1963 ნახვა

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეც. სერგი კაპანაძემ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე კანდიდატს ადა მარშანიას კი ნდობა მხოლოდ ერთმა კანონმდებელმა გამოუცხადა.

კანონმდებლებმა კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი  – „პატრიოტთა ალიანსიდან“.  ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. 

''ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის'' წევრებმა  კომისიაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს. 

კომისიაში იმუშავებენ: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, სალომე ზურაბიშვილი და ადა მარშანია.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება. ზუსტი დრო კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. სერგი კაპანაძე საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მასალები დროულად მიაწოდონ. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი