თანამდებობის დატოვება არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს - გიორგი კვირიკაშვილი

01 ივნისი 2018, 00:00 1735 ნახვა

''ჩემი თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს სიტუაციას და განმუხტავს მე არცერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა'' -  განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, ის პროცესებს გააკონტროლებს. 

''პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და ვიღებ პასუხიმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მომენტში, ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი თუ რა პერიოდში დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე და ამ გამოწვევაზე. ასევე მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან'' - განაცხადა პრემიერმა.  

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს. 

''ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან. გამოძიების პროცესში ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ჩაერთვება და უხელმძღვანელებს. მე კი ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და აქტიურად გავაკონტროლებ''. 

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას არ გაურბის, აქციაზეც სწორედ ამის გამო მივიდა. 

''არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან.  მოკლული ახალაგაზრდა კაცის მამასთან. ​გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურად უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება, გამეკეთებინა ჩემი განცხადება - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე. 

მთავრობის კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი გაიმართა. 

მანამდე კი პრემიერ მინისტრი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მივიდა. აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ტერიტორია დატოვა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი