აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ცნობად მიიღებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის ანგარიშს. ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებმა დღეს კიდევ ერთხელ პლენარული სხდომის ფორმატში მოისმინეს, საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ფიქრობენ, რომ არხის რეიტინგი უფრო მაღალი უნდა იყოს. დაინტერესდნენ, რამდენად აქტიურად არის ჩართული პრიორიტეტების განსაზღვრაში მრჩეველთა საბჭო, ახდენს თუ არა მისი შესრულების მონიტორინგს და რა მექანიზმები არსებობს ამ კუთხით.
დღეს დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ურთიერთობის პრობლემაა, თუმცა აცხადებდნენ, რომ ისინი არ ერევიან მაუწყებლის საქმიანობაში და დაინტერესებული არიან მხოლოდ კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებულების ფარგლებში. კითხვები დასვეს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. საუბარი იყო კვლავ აჭარის ტელევიზიის შენობის საკითხზე, რომელიც უკვე მეოთხედ მოხვდა მრჩეველთა საბჭოს ანგარიშში. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის რეიტინგთან დაკავშირებით. ნატა იმედაიშვილი მიიჩნევს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეიტინგი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი.