სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

30 მაისი 2018, 00:00 1503 ნახვა

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ჩვენ ქვეყანას პირველად ეწვია. სომეხ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული დახვდა, შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. ასევე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. დღესვე სომხეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების აუდიენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება. დღის ბოლოს სომხეთის პრემიერი თბილისის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება. ღონისძიების შემდგომ, ნიკოლ ფაშინიანს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ვახშამზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი