''გეორგიევსკის ლენტებს'' ბათუმელების პროტესტი მოყვა

09 მაისი 2018, 00:00 3388 ნახვა

ბათუმში, ''უკვდავი პოლკის'' მსვლელობაზე, მოქალაქეთა ნაწილს ''გეორგიევსკის ლენტები'' ეკეთა, ფოტოების ნაწილზე კი საბჭოთა სიმბოლიკა - ნამგალი და ურო იყო დატანებული,  რასაც ბათუმელების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, დაეცვათ საქართველოს კანონი და  ''ლენტები'' მოეხსნათ, რასაც შელაპარაკება მოყვა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ლენტები მოიხსნეს და საბჭოთა სიმბოლიკით პლაკატებიც დამალეს. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გაგრძელდა.  

მსვლელობის მონაწილეებს სპეციალურად დამზადებული ფოტოები ეჭირათ, რომელზეც ლოგოს სახით დატანებული იყო საბჭოთა სიმბოლიკა: ნამგალი და  ურო, ასევე ''გეორგიევსკის ლენტი''.

"თავისუფლების ქარტიით”,  საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში აკრძალულია.

ფოტოების ნაწილზე საბჭოთა სიმბოლიკა არ იყო გამოყენებული. ვეტერანების სახელები და გვარები, რუსულთან ერთად ქართული ანბანით იყო დატანილი. 

მსვლელობაზე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც იმყოფებოდნენ. 

მსვლელობის შესახებ გაფრთხილება მერიაში 3 მაისს შევიდა.

აქციის ორგანიზატორი რევაზ გოგიძე ირწმუნებოდა, რომ პატივს სცემენ საქართველოს კანონმდებლობას და არ გამოიყენებდნენ არც საბჭოთა სიმბოლოს და არც ოკუპანტ ქვეყნასთან ასოცირებულ ატრიბუტიკას, კონკრეტულად კი ''გეორგიევსკის ლენტს''. 

"უკვდავი პოლკი" ეს არის მსვლელობა, რომელიც 2012 წლიდან საკმაოდ პოპულარულია რუსეთში, ამ მსვლელობებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის მმართველი პარტია, ბაიკერული კლუბი "ღამის მგლები" და თავად ვლადიმერ პუტინიც.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი