‘’ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა’’ - ენმ

07 მაისი 2018, 00:00 2899 ნახვა

"ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა, გვაქვს შეკითხვები და ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლაშა კომახიძესთან  შეხვედრას ვითხოვთ" - აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე.

მირდატ ქამადაძის თქმით, კითხვები აქვთ როგორც რეორგანიზაციასთან, ასევე  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ მერიაში კორუფცია და ნეპოტიზმია.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ირწმუნებიან, რომ აიპებიდან და შპსეებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ. გამოთხოვილი მასალების დიდი ნაწილი კი არასრულყოფილია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ‘’ბათუმის ავტოტრანსპორტიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც შესყიდვების გეგმას ეხებოდა, გაუგებარია. 

ფრაქციის წევრებს ლაშა კომახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, უწყებისთვის ოფიციალურად  ჯერ არ მიუმართავს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს მერთან შეხვედრის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ‘’მედიის საშუალებით მერს არ იბარებენ, ეს კარგად იციან. ასევე იციან რა პროცედურები უნდა გაიარონ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. მოგვმართონ და ვიმსჯელებთ საკითხზე’’ - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხს, მერიაში ამბობენ, რომ ლაშა კომახიძე შპსეებისა და აიპების წარმომადგენლებს ამ თემაზე უკვე ესაუბრა.

გამოთხოვის შემთხვევაში,  საჯარო ინფორმაცია, რომელიც სამართლებრივად უნდა იყოს გაცემული, ადრესატს უნდა მიაწოდონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი