ორი გარდაცვლილი და რამდენიმე მოწამლული ახალგაზრდა - უკავშირდება თუ არა ფაქტები ნარკოტიკულ საშუალება მეფედრონის მოხმარებას?

30 აპრილი 2018, 00:00 3911 ნახვა

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის მოხმარების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური წყაროები  ფაქტს არ ადასტურებენ. 

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს რა ვითარებაში მოხდა ორი ახალგაზრდის  გარდაცვალება. ცნობილია ის, რომ  კლუბ ''ბასიანში'' იმყოფებოდნენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მიიღეს ნარკოტიკული საშუალება - მეფედრონი.

ოფიციალური უწყებებისგან გასხვავებით, დღეს  კლუბ ''ბასიანის'' დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა ფბ გვერდზე დაწერა:  "მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM-ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ. ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ" - ამბობს ნაჯა ორაშილი და ადასტურებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ამ ნარკოტიკის მოხმარების ზედოზირების ფაქტები დაფიქსირდა.

''კლუბის ტერიტორიაზე, რამდენიმე კვირის წინ, ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ, საბედნიეროდ, ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ. თუმცა სხვადასხვა სიტუაციაში და ადგილებში ამ ნივთიერებისგან მოწამლული ადამიანები კლინიკებში დღემდე იმყოფებიან" - წერს კლუბის წარმომადგენელი.

ამ ნარკოტიკის  ინტერნეტით ყიდვის შესაძლებლობაზე დაწერა "თეთრი ხმაურის მოძრაობამაც". 

"ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებ-გვერდების საშუალებით არის ხელმისაწვდომი" - წერია განცხადებაში. 

სავარაუდოდ, მეფედრონის მოხმარების ფაქტები იკვეთება აჭარაშიც. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ჯგუფის პრეპარატის მოხმარება ინტოქსიკაციას იწვევს და სწორედ ასეთი ჩივილებით ხვდებიან საავადმყოფოში ახალგაზრდები. 

რა მონაცემებია აჭარაში და რა საფრთხეების იწვევს ეს ნარკოტიკული საშუალება, დეტალებს 21 საათზე მზია მართალიშვილი მოგიყვებათ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი