სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერეკლე კოდუა, რომელიც 2007 წელს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ერეკლე კოდუა მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზეც, დამნაშავედაა ცნობილი ასევე ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“.
2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის „ტელეიმედის“ დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს. 11 წლის წინ სპეცრაზმელებმა ჯერ თბილისში მშვიდობიანი მანიფესტანტები, შემდეგ კი - ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს. ძალის გამოყენების გამო, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე მწვავედ გააკრიტიკეს. მანამდე კი 7 ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სპეცრაზმელებმა ხელკეტებით სცემეს სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.