აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობას, დროებით, მირზა ცეცხლაძე შეასრულებს. ცეცხლაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა. პატარაძე ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ იმაზე, რომ თანამდებობაზე კადრი შეირჩა, რადგან გადაწყვეტილების მიღებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ გეგმავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ დააკვირდება მირზა ცეცხლაძის მუშაობას და შესაძლოა ისიც მესამე სექტორთან განსახილველ კანდიდატებს შორის აღმოჩნდეს.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის, ბათუმის სივრცითი მოწყობა, ურბანული განვითარება. შევარჩევთ ღირსეული კანდიდატურას, არ გამოვრიცხავ ამ თანამდებობაზე მირზა ცეცხლაძის დანიშვნასაც, მაგრამ მან უნდა გამოიჩინოს თავი. დავაკვირდებით, როგორ შეასრულებს მოვალეობას, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა პატარაძემ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა თანამდებობა 17 აპრილს დატოვა. ასლანიშვილის მტკიცებით, წასვლის შესახებ განცხადება მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაწერა.