მილიონერების გასეირნება დედამიწის გარშემო საქართველოს გავლით

16 აპრილი 2018, 00:00 2689 ნახვა

კომპანია Abercrombie & Kent, ტურიზმის მდიდარ მოყვარულებს 150 ათას დოლარად, დედამიწის გარშემო 25 დღეში მოგზაურობას სთავაზობს. ტურის განმავლობაში ისინი  უზრუნველყოფილი იქნებიან კერძო თვითმფრინავებით, ძვირფასი იახტებით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით.

ტურისტები ექვსი კონტინენტის 7 ქვეყანას მოინახულებენ. მოგზაურობა დაიწყება მაიამიში, შემდეგია - ნიკარაგუა, ჩილე, აღდგომის კუნძული, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინდოეთი, ომანი, საქართველო და ბოლოს აშშ-ს ქალაქი ნიუ-იორკი.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის - Busines Insider UK –  პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში მილიონერი ტურისტები მოგზაურობის 22-ე დღეს ჩამოვლენ. „საქართველო - ქვეყანაა, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება“ - ასეა დასათაურებული პუბლიკაციის ბოლო ნაწილი.

მასალიდან ირკვევა, რომ მოგზაურები თბილისს დაათვალიერებენ და ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ. 

„თბილისი ტურის დამაგვირგვინებელი ქალაქია. აქ თქვენ დაათვალიერებთ მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრეს, გაისეირნებთ ქალაქში, დატკბებით საგუნდო სიმღერებით და მუსიკალური სტილით. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო ქართულ ადგილობრივ დელიკატესებთან ერთად. თბილისში ყოფნის ბოლო 24-ე დღე აღინიშნება გამოსათხოვარი ვახშმით“ - წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდის დაიწყება მოგზაურობა, ან რამდენი მილიონერი გამოთქვამს დედამიწის გარშემო მოგზაურობის სურვილს, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი