თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა. დაურ კოვე მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება იქნება უკეთესი მომავლისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი და არა სიცრუე საკუთარი ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ.
,,აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის აღიარება და სტაბილურობისა და მომავალი თაობების კეთილდღეობის სახელით ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი საერთაშორისო დიალოგის წარმოება, ამ პროცესის ალტერნატივაა" - განაცხადა კოვემ.
მან ისიც დასძინა, რომ საქართველომ დეფაქტო აფხაზეთზე საკუთარი ზეწოლის რესურსი ამოწურა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს დეფაქტო აფხაზეთთან მიმართებაში მეგობრული განწყობის მსგავსი რამ და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს. მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ტყუილების თქმა შეწყვიტოს.
გუშინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება.