115 ხმით პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებით, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუს სისტემა აღარ ამოქმედდება.
ამასთან, ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება საარჩევნო ბარიერიც. კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუს სისტემა ამოიღეს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.
ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც განხორციელდა და ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ შეიცვალა.