ბაღში დაშავებული ბავშვის მშობლის პრეტენზიები 

16 მარტი 2018, 00:00 7035 ნახვა

ორი დღის წინ, ბათუმში მეშვიდე საბავშვო ბაღში, 5 წლის გოგონა მსუბუქად დაშავდა, ფაქტის შესახებ კი მშობლებმა  დღის ბოლოს გაიგეს, რასაც უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა.

მშობელი ვახო ბასილაძეს ამბობს, რომ ბავშვის დაზიანების შესახებ ინფორმაცია, მყისიერად უნდა მიეწოდებინათ.

‘’საღამოს მივაკითხე 5 წლის ანასტასიას, გამოჰყვა "დამსახურებული პედაგოგი" მარინა შარაბიძე და მეუბნება: იცი, რამდენიმე საათის წინ, ყურზე ჭიშკარი მოხვდა და არც ტკენია და არაუშავსო. მალე გავარკვიე, რომ ჭიშკარი ყურზეც მოხვდა, თავზეც,  ეტკინა და უტირია კიდეც, თურმე ცივი კომპრესები დასჭირვებია, ჩემთვის კი არავის დაურეკავს’’ - წერს ვახო ფეისბუქის გვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი  მშობელს დაუკავშირდა. ამბობს, რომ ბავშვის იგივე ბაღში მიყვანას არ აპირებს. მშობლის გაღიზიანება პედაგოგის ფრაზამ გამოიწვია: ‘’ბევრი ბავშვი გვყავს ჯგუფში და ყურადღებას ყველას ვერ მივაქცევთო, ასე მითხრა პედაგოგმა. ნახევარი საქართველო უმუშევარია და დანიშნონ ამ ბაღებში ისეთი აღმზრდელები, რომლებიც ბავშვებს ყურადღებას მიაქცევენ, მსგავს სიტუაციას მოარიდებენ და თუ მაინც მოხდება რამე, მშობელს დროულად აცნობებენ,’’ - ამბობს ვახო ბასილაძე.

ბაღში მომხდარ ფაქტს მარინა შარაბიძეც იხსენებს. პედაგოგი ჰყვება, რომ დღის მეორე ნახევარში, ბავშვები ეზოში სათამაშოდ ყავდათ გაყვანილი. ადგილზე ორი აღმზრდელი იმყოფებოდა. 

‘’პატარები გაფანტულად თამაშობდნენ, მათ მინდორზე გადმოსაყვანად მივედი, უკან დაბრუნებულს ანასტასია  მეორე მასწავლებელთან იდგა და ყურის ბიბილო ოდნავ შეწითლებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბავშვთან თამაშის დროს იტკინა. როგორც გავიგე, ყვავილების კრეფის დროს ოდნავ დაიზიანა.  ცივი ტილო დავადეთ, მალევე ბავშვმა ტილო  მოიშორა, ისადილა და ამბობდა, რომ არაფერი სტკიოდა, ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ მშობლისთვის დაგვერეკა. შემთხვევის დროს არც კი უტირია, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ვეტყოდით,’’ - ამბობს პედაგოგი. 

მასწავლებელი ჰყვება, რომ მამას დეტალურად აუხსნა სიტუაცია. ირწმუნება, რომ ფრაზა „ყველას ყურადღებას ვერ მივაქცევთ“ არ უთქვამს.

‘’ვუთხარი, ბატონო ვახტანგ, ძალიან ბევრი ბავშვია, ისინი გაფანტულად თამაშობდნენ, ფაქტი არ დამინახავს-თქო. ანასტასია ძალიან წყნარი და მშვიდი გოგონაა, ყურადღებიანი მშობლები ყავს. ჩვენც  ყურადღებას ვაქცევთ,’’ -  განმარტავს მასწავლებელი.

ვახო ბასილაძე ჩივილს არ აპირებს. ამბობს, რომ შვილს მეშვიდე ბაღში არ გაუშვებს და განათლების მისაცემად  ალტერნატიულ გზას მოძებნის.

ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ პედაგოგის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა არ დაწყებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი