რისი ნახვა სურთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით, რისი მოსმენა სურთ რადიო ეთერში და რისი წაკითხვა უნდათ ვებ პლატფორმაზე - ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც დღეს ქალები პასუხობდნენ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე, მმართველთა საბჭოს წევრები და ჟურნალისტები რეგიონში მოქმედ გადაწყვეტილების მიმღებ და ლიდერ ქალებს შეხვდნენ. გაიმართა დისკუსიაც.
‘’ ჩვენ არ ვეჯიბრებით მამაკაცებს და უფლებებს არ ვართმევთ. ჩვენ გვსურს, მათთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა მივიღოთ,’’ - ამბობს ლია შაქარიშვილი. მისი თქმით, ტელევიზიამ პოზიტიურად უნდა წარმოაჩინოს რეგიონში მცხოვრები ქალები და მათი საჭიროებები.
‘’რადგან თანასწორობასა და ძალადობაზე ვსაუბრობთ, ჩვენი აზრის მოსმენა კარგი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ პრევენციისთვის საჭიროა ტელევიზიამ სწორი პოლიტიკა გაატაროს. ხშირად ტელეეთერში ვხედავთ თანასწორობაზე მოსაუბრე ადამიანებს, რომლებიც პირიქით, აგრესიას იწვევენ, რაც არასწორია’’ - თქვა შეხვედრაზე ლია შაქარიშვილმა.
შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობაზეც საუბრობდნენ. ერთ-ერთმა მონაწილემ ღიად დააფიქსირა, რომ წლების წინ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ლალი ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ აღიარება და საკუთარ ისტორიაზე საუბარი, ყველაზე მართალი და სწორი მიდგომაა.
‘’მე ძალადობის მსხვერპლი ვარ. ჩვენ უნდა დავიწყოთ აღიარებით. მაინტერესებს დარბაზში არის კიდევ ვინმე მსხვერპლი? გადაცემა, რომელსაც მაუწყებელი მოამზადებს უნდა იყოს მართალი, კონკრეტული სახეებითა და ისტორიებით. ეს პრობლემა მხოლოდ სოფლებში არ არის. ჩვენს ირგვლივ ბევრი ფიქრობს, რომ ხშირად დამნაშავე სწორედ ქალია. ქალები ხშირად გაუთქმელობის, პატივმოყვარეობის მსხვერპლნი ხდებიან,’’ - ამბობს ლალი ბერძენიშვილი.
‘’გენდერულ მოძრაობას ფემინისტურთან აიგივებენ, რაც არასწორია. რადგან პარლამენტში კვოტირებაზე მუშაობა დაიწყო, მალე ქალებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ’’ - ასე ფიქრობს მარინე კუპრეიშვილი.
მისი თქმით, საჭიროა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი გადაცემა - "მშობელთა კლუბი" მოამზადოს.
‘’უპრიანი იქნებოდა და სამართლიანი აჭარის ტელევიზიას შემოეღო გადაცემა ''მშობელთა კლუბი'', სადაც ის ქალები და კაცები ისაუბრებენ, რომლებიც შვილებს ზრდიან. აჭარა არის მაგალითი, როგორ იზრდებიან მრავალშვილიან ოჯახებში ღირსეული, კარგი მოქალაქეები. დედები და მამები დასხდნენ და ისაუბრონ, რა ისწავლეს მათი ბებია-ბაბუისგან და რას ასწავლიან ისინი შვილებს’’ - მარინა კუპრეიშვილი.
საგანმანათლებლო ტიპის გადაცემების აუცილებლობაზე კი ასმათ დიასამიძემ ისაუბრა.
‘’ყველაზე მეტად ქალების ხმა მაღალმთიან აჭარას სჭირდება, ნაადრევი ქორწინება და სხვა პრობლემები სწორედ განათლების ნაკლებობით არის გამოწვეული - ამბობს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი.
შეხვედრის მონაწილეებმა აჭარის მაუწყებლის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლიც ნახეს - წარმატებული ქალებისა და კაცების მთავარი მესიჯებით - ‘’არა ძალადობას’’.
შეხვედრა გენდერის მედიაცენტრის ინიციატივითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერით, მაუწყებელში "ქალთა კვირეულის" ფარგლებში ჩატარდა. დისკუსიის მოდერატორი მედიაცენტრის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი, თამილა დოლიძე იყო.