დელფინარიუმის წინ, ბათუმის ბულვართან, კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ 54-ი სართულიან მშენებლობას გეგმავს.
ბულვარის მიმდებარედ ტერიტორია უკვე შემოღობილია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კომპანიის იურისტი გოჩა კამკია აცხადებს ეს არ არის სამშენებლო სამუშაოები, კომპანია ამ დროისთვის სწავლობს სანაპიროზე ნიადაგის მდგრადობას, რისთვისაც გეოლოგიურ კვლევებს ატარებენ.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არქიტექტურული პროექტის ბათუმის მერიასთან შეთანხმებისთვის და სამშენებლო ნებართვის მისაღებად აუცილებელია გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება,“- აცხადებს გოჩა კამკია.
სოცილურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორი იქნება 54- სართულიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც ნაწილი სასტუმრო "მერიოტს" დაეთმობა, ხოლო მე-13 სართულიდან აპარტამენტები განთავსდება. სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არ არის პროექტის საბოლოო ვერსია და შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს.
ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ და ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მხოლოდ გეოლოგიური შესწავლისა და დასკვნის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება და არ ამშენებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნებართვა არაა გაცემული, ადგილობრივ ბაზარზე აპარტამენტების შეძენა უკვე შესაძლებელია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით 10 მდე აპარტამენტი უკვე გაყიდულია.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით კი ერთი კვ/მ-ის ფასი ამ შენობაში 1200-დან იწყება და 2000 დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, ზღვის მხარეს საცხოვრისი უფრო ძვირია, ვიდრე ცენტრალური პარკის ხედით.
კომპანიის იურისტი ამტკიცებს, რომ სამშენებლო ნებართვის მიღებამდე საცხოვრებელი ფართების არა გასხვისება არამედ დაჯავშნა ხდება.
„დაწყებულია პროექტის შეთავაზება და შესაბამისად შეთავაზების ფარგლებში ჩვენ ვღებულობთ ჯავშანებს მათგან ვინც დაინტერესებული ამ საპროექტო პროცესით. მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, რა თქმა უნდა განხორციელდება უძრავი ქონების გასხვისება“- გოჩა კამკია.
კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ბათუმში, შოთა რუსთაველის 42-სა ნინოშვილის 39-ნომერში მდებარე 3263 კვ/მ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს პირობებით გაყიდა. მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს ადგილი ბათუმის ბულვარს არ ეკუთვნის.