“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის შესახებ მორიგ კვლევას აქვეყნებს და ბათუმის მერიასა და საკრებულოს აკრიტიკებს.
კვლევის თანახმად, ინტერნეტ გვერდებზე მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაცია არასრულად ქვეყნდება, ასევე არ არის ან არასრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების, მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ.
საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს ვალდებულებას პრაქტიკულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის თაობაზე. ბათუმის საკრებულოს მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ იანვარში გამოქვეყნებული რეკომენდაციების ნაწილობრივი გათვალისწინება შეძლეს, თუმცა ახალი ვებ გვერდის გამო ხარვეზები ისევ არსებობს.
ნემსაძე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გეგმავს. მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ თუმცა ამბობენ, რომ ყველა პრაქტიკულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდზე ატვირთულია. ამასთან აღნიშნეს, რომ გვერდი ძველია. უწყებაში ამბობენ, რომ უკვე არსებობს საპილოტე ვერსია რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება.