სამზადისი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

18 იანვარი 2018, 00:00 2505 ნახვა

მსოფლიო დონის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადას უმასპინძლებს ბათუმი შემოდგომაზე. საჭადრაკო ოლიმპიადაში ათობით ქვეყნის ასობით სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებსა და ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფება ფიდეს დელეგაცია, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. გეორგიუს მაკროპულოსს დღეს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე ყველა ლოჯისტიკურ-ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალი განიხილეს. ფიდეს დელეგაცია მოსამზადებელ სამუშაოებს მარტშიც გაეცნობა. შეჯიბრებები ორი კვირის განმავლობაში, ახალაშენებულ სპორტის სასახლეში ჩატარდება, რომლის სტანდარტებთან შესაბამისობაც სწორედ ამ ინსპექტირების დროს უნდა შემოწმდეს. მათ შენობა დღესაც დაათვალიერეს.

ასევე, უნდა აშენდეს კიდევ ერთი დარბაზი. სწორედ დამატებითი დარბაზის მშენებლობით დაინტერესდა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, რაზეც პირობა მიიღო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დროულად დასრულდება. ფიდეს წარმომადგენლების რეკომენდაციები მხოლოდ შენობას არ ეხება, საუბარია ასევე კვებისა და განთავსების ობიექტებზე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი