პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პანკისის სათემო რადიოს ცნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.
მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში ათობით სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. სპეცოპერაცია 04:00 საათიდან მიმდინარეობდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. არ აკონკრეტებენ დასრულდა თუ არა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ, კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
თბილისში, 22 ნოემბერს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. რის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი მოკლულია, ერთი კი დაკავებული. ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი, რამდენიმე კი დაშავდა.
სუს-ის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს საერთაშორისო ტერორისტმა ახმედ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა.