პარლამენტმა პირველი მოსმენით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო. ამ ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა.
იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართოს. პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ასევე მას შეაქვს ცვლილებები ბიუჯეტში.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, კი საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.