11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე ბრალდებული ლაშა დეკანაძე ქალაქის საქალაქო სასამართლომ ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, დეკანაძე წელიწადი და სამი თვე სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით მოიხდის. დეკანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენს უკვე 8 თვეა ელოდება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ის პირველი და 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა 239 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულს მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.
მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, 2017 წლის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ 21 პირი დააკავეს, აქედან ორი, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩვხირკია მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, დანარჩენი 19 კი არეულობაში მონაწილეობისთვის. 19 პირიდან ლაშა დეკანაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ბრალი არ აღიარა. დანარჩენ ბრალდებულებს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.