აქვს თუ არა კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს ტერორიზმთან?

28 ნოემბერი 2017, 00:00 3343 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის,  ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად. დღეს პროკურორმა და ადვოკატმა საქმის დეტალებზე სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმსა და ქობულეთში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარაც იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა. სპეცოპერაცია ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა, დაკავებულია ერთი ქალი.  გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა გასაღებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი