უსაფრთხოება და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში - თემაზე საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რაგნის სტუმრებთან ერთად ბათუმში იმსჯელა.
ერთ-ერთი მთავარი ხაზი რუსეთის აგრესია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ღია დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. შედგა არაერთი პირისპირ შეხვედრა. ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ასპირანტი ქვეყანაა ნატოში, რომელიც ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი ავღანეთის მისიაში.
სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, საერთაშორისო მაღალი რანგის სამხედრო პირები, მათ შორის ნატოს სარდალი, “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” ხელმძღვანელი და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ყველა ერთიანად თანხმდება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ დასავლეთმა გაერთიანებული ძალებით უნდა იბრძოლოს.