გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

27 სექტემბერი 2017, 00:00 2765 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  

შეხვედრის დროს ყურადღება  პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე გამახვილდა. პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის. შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში