ჩაჭრილები და ბარიერგადალახულები

01 ივლისი 2017, 00:00 3768 ნახვა

ქიმია და ფიზიკა - მოსწავლეების ახალი თავსატეხი.რატომ უჭირთ მათ განსაკუთრებულად ამ ორი საგნის ჩაბარება. რა დგას პრობლემის უკან? მოსწავლეების დამოკიდებულება, საგნების სირთულე თუ საბუნებისმეტყველო გაკვეთილებისთვის გამოყოფილი საათების სიმცირე?
მოსწავლეები ამბობენ, რომ ზაფხულის არდადეგების გატარება "სასკოლო დავალიანებით" მოუწევთ.  ახალ სასწავლო წელს კი შანსი ეძლევათ, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი, შემდეგი 5,5 ქულიანი ბარიერი გადალახონ. ისინი სწავლას მე-12 კლასში ჩვეულებრივად გააგრძელებენ. ატესტატის მოსაპოვებლად კი იმ საგნებს, რომელშიც ჩაიჭრნენ,  მომავალ წელს ჩააბარებენ.

ბარიერგადალახულები განსხვავებულად ფიქრობენ. ამბობენ, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო. მეცადინეობის შემთხევაში კი მისი ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენდა.მოსწავლეები სირთულეებზე საუბრობენ, პედაგოგები კი მეთოდოლოგიის შეცვლაზე. სპეციალისტები ყურადღებას სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებისათვის გამოყოფილი საათების სიმცირეზე ამახვილებენ.
"საგანმანათლებლო პროგრამის საათობრივი ბადე გადასახედია. მასალა მოცულობითია, დრო კი ცოტაა - ფიქრობს ქიმიის მასწავლებელი ნანა პაპუნაიშვილი.

კითხვაზე რატომ უწევთ  მოსწავლეებს ხშირად რეპეტიტორთან მომზადება? პედაგოგი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, საბუნებისმეტყველო  საგნების სირთულეა.მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამოცდები გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ელექტრონული ფორმით, ე.წ. კატის პრინციპით ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ბარიერის გადალახვის ყველაზე დაბალი – 85 პროცენტიანი მაჩვენებელი ფიზიკაში დაფიქსირდა.

მხოლოდ ბათუმის სკოლებში ათას 900-მდე მეთერთმეტეკლასელი სწავლობს. ჩაჭრილთა და ბარიერგადალახულთა ზუსტი სტატისტიკა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.მეთერთმეტე კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლიდან აბარებენ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი