რა იცვლება აჭარის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში

22 ივნისი 2017, 00:00 3229 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დღეს "საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ა/რ რესპუბლიკის შესახებ"  - პირველი მოსმენით განიხილეს.  

ახალი კონსტიტუციით, აჭარის მთავრობას შეუძლია შექმნას ახალი სამინისტროები, უწყებები და დეპარტამენტები. ახალი უწყებების შექმნისას  კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება საჭირო აღარ არის. ამასთან აჭარის მთავრობა უფლებამოსილია ხელმძღვანელი პირები დანიშნოს ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.  მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია სამინისტროების რაოდენობა - რეგიონში მხოლოდ 4 სამინისტრო. ცვლილებების თანახმად კი აჭარის მთავრობას შეუძლია სამინისტროების კვოტა გაზარდოს.

იცვლება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების და მთავრობის თავმჯდომარის  არჩევის წესიც. მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თავმჯდომარეს ცენტრალურ მთავრობასთან და უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით წარადგენს, ცვლილების  შედეგად კი შესაძლებელია პრეზიდენტმა  მხოლოდ უმაღლეს საბჭოსთან გამართოს კონსულტაციები. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად" -  საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ .


მას შემდეგ, რაც სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება აჭარის უმაღლესი საბჭო ვალდებულია შეიმუშაოს აჭარის ა/რ კონსტიტუცია და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს. "ამ კანონის  ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.  ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად  წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში." - საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.

ამავე კატეგორიაში